logo
ENG



კობახიძე "წასულების" კანონპროექტზე: ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს

15 თებ 202323:51
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე "წასულების" კანონპროექტზე: ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიიდან ფორმალურად წასული დეპუტატების ახალ ინიციატივაზე ამბობს, რომ გამჭვირვალობაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს და "სასჯელი არ არის" თუ საზოგადოებას ეცოდინება, საიდან ფინანსდებიან "კონკრეტული NGO-ები".

რაც შეეხება ტერმინს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, კობახიძე აცხადებს, რომ მას ჯაშუშობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"მე, როგორც იურისტი გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს, რაც დაინიცირდა და შემიძლია, გითხრათ, რომ იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე. თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ რაღაცაზე მეტ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. გამჭვირვალობაში მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით.

ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება კონკრეტული NGO-ს თუ სხვა ორგანიზაციის ფინანსები ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან ახლა, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? პოლიტიკური პარტია რომ ავიღოთ, ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, რა შემოსავალიც გვაქვს, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა საზოგადოებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დგას, მათ შორის დაფინანსების კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან. NGO-ებზეც იგივე შეიძლება ითქვას", - განაცხადა მან.

კანონპროექტში ნახსენები ტერმინი აგენტის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე, კობახიძე პასუხობს:

"მე არ ვიცი, შეიძლება, სხვა შესატყვისიც არსებობდეს, მაგრამ ტერმინი აგენტი, საქართველოს კანონმდებლობა და არა მარტო, ზოგადად ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს. საქართველოს კანონმდებლობას თუ ჩახედავთ, ჯაშუშობა არის დასჯადი, ანუ აგენტურული საქმიანობა, როგორც ასეთი, ასეთი ტერმინოლოგია არ გამოიყენება. ჯაშუშობა არის დასჯადი, ჯაშუშობა არის სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ, ეს არის სხვა რამე. აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. შეიძლება, სხვა ტერმინიც არსებობდეს, მაგრამ ამ ტერმინს რეალურად ვერ გამოეკიდები".

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს "პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მედიის შემოსავლის წყაროები".

მისი თქმით, სუბიექტების "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მათ, ვინც თავს აარიდებს რეგისტრაციას, "შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები" დაეკისრებათ. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.


close დახურვა